


ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე ახალჩამოსხმული თითბრის ჯვარი აღიმართა.
ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები.
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დასრულდა საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე კრამიტის საბურველის მოწყობა. ასევე, დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალ სიძველეთა საცავის სახურავზე დაზიანებული კრამიტის საბურველის შეცვლა. ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე მოხდა ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფარისგან გაწმენდა. კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე მოეწყო სპილენძის ბურული, ხოლო 10 სექტემბერს მასზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა.