


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე საარჩევნო პროცესი შეაჯამა და საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მმართველი გუნდის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც მოქალაქეების დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს.
„მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი არ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო 4 წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა გამოავლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.